ევროკავშირი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირი გამოეხმაურა. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით”, – აცხადებენ ევროკავშირში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურად არ მიიჩნევს.
“საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.არჩევნები გუშინ ჩატარდა, სადაც წინასწარი მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა