“პუტინის დაკავების ორდერს სამუდამო ვადა აქვს” – ჰააგის პროკურორი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, ქარიმ ჰანმა განაცხადა, რომ ჰააგაში გაცემული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი უვადოა.
ამის შესახებ მან BBC Radio 4-ის ეთერში თქვა.
„ადამიანებს, სადაც უნდა იყვნენ, უნდა ესმოდეთ, რომ არსებობს კანონი და რომ ძალაუფლებას თან პასუხისმგებლობა ახლავს. ომის დანაშაულებისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს”, – თქვა მან.
ჰანის თქმით, დაკავების ორდერის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი სასამართლოს წინაშე წარდგება და მოსამართლეები საქმეს შეწყვეტენ.
17 მარტს ჰააგის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციაში. პუტინი და ლვოვა-ბელოვა შესაძლოა, 123 ქვეყნის ტერიტორიაზე დააკავონ, სადაც რომის ქარტია მოქმედებს.
რუსეთში გადაწყვეტილებას არ აღიარებენ, მეტიც, დღეს გახდა ცნობილი, რომ საგამოძიებო კომიტეტმა, პირიქით, ჰააგის მთავარი პროკურორის და მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.