კრემლის თანამშრომლებმა 1-ელი აპრილისთვის iPhone-ები უნდა მოიშორონ

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკური ბლოკის თანამშრომლებს 1-ელი აპრილისთვის iPhone-ის მოშორება დასჭირდებათ.

რუს ჩინოვნიკებს ასეთი ინსტრუქცია მარტის დასაწყისში მოსკოვის რეგიონში გამართულ სემინარზე მისცეს.

ამის შესახებ რუსული “კომერსანტი” ღონისძიებაზე ნამყოფ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

“ყველამ iPhone ან უნდა გადააგდონ, ან ბავშვებს მისცენ“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო.

გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა ის, რომ iPhone​-ები უფრო დაუცველია ჰაკერების თავდასხმებისა და დასავლელი სპეციალისტების სასარგებლოდ ჯაშუშობის მიმართ. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შესაძლოა, შეიძინოს ახალი „უსაფრთხო“ ტელეფონები თანამშრომლებისთვის, რომ მათ გაუადვილონ ამერიკული ტექნოლოგიებზე უარის თქმა.

საკითხის კომენტირებისას დღეს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლები საიდუმლო ინფორმაციის გადასაცემად სმარტფონებს არ იყენებენ.

პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

„აშკარაა, რომ ოფიციალური მიზნებისთვის სმარტფონების გამოყენება შეუძლებელია, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი, ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ოპერაციული სისტემაა დაყენებული – Android-ი თუ iOS-ი. ბუნებრივია, ისინი არ გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისთვის და კატეგორიზებული მოლაპარაკებების და კატეგორიზებული მასალების გადასაცემად”, – თქვა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები