“ცას ყურადღებით დააკვირდით” – მედვედევი ჰააგის მოსამართლეებს ჰიპერბგერითი რაკეტით დაემუქრა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მედვედევის თქმით, ამ გადაწყვეტილებას „საერთაშორისო სამართლისთვის საშინელი შედეგი მოჰყვება“.

“მოდით, ვაღიაროთ: ის ადრეც არ ყოფილა ძალიან ეფექტური. განსაკუთრებით, მისი საერთაშორისო ინსტიტუტები. ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტის გასამართლება გადაწყვიტეს – ქვეყნის, რომელიც არ მონაწილეობს ICC-ში იმავე მოტივით, როგორც შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები”, – წერს მედვედევი “ტელეგრამში”.

მისი აზრით, „ICC-ს მოსამართლეები ტყუილად აჟიტირდნენ უმსხვილესი ბირთვული სახელმწიფოს” წინააღმდეგ ხელის აწევით.

”სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთ ზღვიდან რუსული გემიდან ჰააგის სასამართლოს შენობის მისამართით. მისი ჩამოგდება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. სასამართლო არის მხოლოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაცია და არა – ნატოს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ, ომსაც არ დაიწყებენ, შეეშინდებათ და არც არავის შეეცოდება”, – დაწერა მედვედევმა და მოსამართლეებს მოუწოდა, “ცას ყურადღებით დააკვირდით.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები