სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები რაჭაში, სტიქიის დაზარალებულ სოფლებში მუშაობენ
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებს მოინახულებს და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გასულ ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. დღეს დილიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამბროლაურისა და ცაგერის რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებული ყველა სოფელი დაათვალიერეს, მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს და დაზიანებული ვენახების წამლობის რეკომენდაციები მისცეს. სტიქიის შედეგად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაზარალდა ჭყვიშის თემი (სოფლები – ჭყვიში, ზემო ჭყვიში, ქვიშარი, ყავრუშების ტერიტორია), ჭრებალოს თემი (ზემო ჟოშხა), ღადიშის თემი (სოფლები – ღადიში, ქვედა შავრა, ბაჯი), ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლები ალპანა, ზოგიში, ცაგერა, ზედა და ქვედა საირმე, სურმუში. სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილის მითითებით, მუნიციპალიტეტებში შექმნილია შტაბები და ზარალის დამთვლელი კომისიები. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაჭის რეგიონის რაიონული საინფორმაციო – საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული კომისიების მუშაობაში.