“მოლდოვა ევროკავშირის წევრი 2030 წელს უნდა იყოს” – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გარდა სხვა გზა არ აქვს.
ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.
“ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მოლდოვას თავისუფალ და ძლიერ ქვეყნად განამტკიცებს. წლების განმავლობაში ე.წ. პოლიტიკოსები გვყოფდნენ და ყოველგვარ ტყუილს იყენებდნენ პირადი სარგებლისთვის”, – განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა.
სხვა საკითხებთან ერთად, მან ევროკავშირში გაწევრიანების სასურველი ვადები განიხილა.
“2030 წელს მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, მოლდოველებმა აირჩიეს ევროპული გზა”, – განაცხადა მან.
სანდუმ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანება საკუთარ ვიწრო ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ამ გზას უპირობოდ დაუჭირონ მხარი.
ასევე, სანდუმ გააკრიტიკა პრორუსული ოპოზიციური პარტია “შორი”, რომელიც ბოლო თვეებში რეგულარულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს აწარმოებს. მისი თქმით, პარტიის მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია და დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალის გამოყენებით დამხობა.
სანდუმ ასევე გააკრიტიკა რუსეთის საგარეო პოლიტიკა მოლდოვას მიმართ. მისი თქმით, კრემლიდან მხოლოდ „მუქარა, ემბარგო და შანტაჟი“ მოდის.