დარიალის ხეობაში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შეირჩა ადგილი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დასამონტაჟებლად. ხვალ დილიდან, მდინარე დევდორაკსა და ამალიას შესართავთან ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს მიაწვდის. „ვინაიდან სტიქიის მთავარი მაპროვოცირებელი ხეობაში ძლიერი ნალექია, უმნიშვნელოვანესია, ავტომატურ, ონლაინ რეჟიმში ხდებოდეს ნალექის რაოდენობის განსაზღვრა, რათა გამარტივდეს და ეფექტურად იფუნქციონიროს ადრეული შეტყობინების სისტემამ. ასევე შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.