მედიის ცნობით, ისრაელის ხელისუფლება ქვეყანაში ჯოზეფ ბორელის ვიზიტს ბლოკავს
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობს ხელი შეუშალოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, ეწვიოს ისრაელს, მას შემდეგ, რაც მან ისრაელის მთავრობის მიერ დაგეგმილი სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბორელმა ცოტა ხნის წინ გამოთქვა ინტერესი ისრაელსა და პალესტინაში ვიზიტით, თუმცა ისრაელმა მიანიშნა, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ ამ საკითხზე.
„არ არსებობს მიზეზი, რომ იგი [ბორელი] მისი საქციელისთვის დაჯილდოვდეს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა.
სტატიაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ბორელმა ისრაელის მიმართ თავისი კრიტიკა არ შეარბილა და დაწერა: „იყო პატიოსანი ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ექსტრემიზმი ორივე მხრიდან იზრდება. განურჩეველი თავდასხმებისა და ძალადობის შედეგად ბევრი ისრაელელი კვდება. დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების მოსახლეობის მხრიდან ძალადობა სულ უფრო მეტად ემუქრება პალესტინელების სიცოცხლესა და საარსებო წყაროს – თითქმის ყოველთვის დაუსჯელად“.