“სირია აღიარებს რუსეთის ახალ საზღვრებს რეფერენდუმის შედეგად მიერთებული, უკრაინის ტერიტორიების ჩათვლით” – ბაშარ ასადი
სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის განცხადებით, დამასკო აღიარებს რუსეთის ახალ საზღვრებს ე.წ. რეფერენდუმების შედეგად მიერთებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს და ხერსონის ჩათვლით.
ამის შესახებ მოსკოვში მყოფმა ასადმა კრემლში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.
“რა თქმა უნდა. მე ვამბობ, რომ ეს არის რუსული ტერიტორიები და, ომიც რომ არც მომხდარიყო, ეს ისტორიულად რუსული ტერიტორიებია. ეს საკითხი ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო და ჩვენ არ ვმერყეობთ ჩვენს პოზიციაში. სირიის პოზიცია არის მკაფიო და ამავე დროს გადამწყვეტი. ჩვენ გვაქვს რწმენა ამ საკითხში არა მხოლოდ რუსეთთან მეგობრობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ეს რუსეთის ტერიტორიებია“, – განაცხადა მან.
ასადის თქმით, ეს პოზიცია ისტორიულ ფაქტზეა დამყარებული.
“ისინი უკრაინას, ალბათ, დაახლოებით, 100 წლის წინ გადასცეს. მგონი, ლენინის დროს. მათზე რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და ადგილზე არსებული ფაქტები მიუთითებს, რომ ეს რუსული მიწაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ამ პოზიციაში“. – განაცხადა ასადმა.