მიხეილ სარჯველაძე: არავის აქვს უფლება, საზოგადოებას გამოხატვის რადიკალური ფორმა შესთავაზოს
“რადიკალიზაციის არცერთი ფორმა არ არის სწორი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არავის აქვს უფლება, საზოგადოებას გამოხატვის რადიკალური ფორმა შესთავაზოს.
„იმ მომენტიდანვე, როდესაც ეს ემოციური დისკუსიები დაიწყო, მმართველი გუნდი იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოუწოდებდა ყველას პროცესის ნორმალიზებისკენ და ამ საკითხზე დისკუსიის წარმართვისკენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სივრცეს, რომელიც უნდა იყოს გაჯერებული არგუმენტებზე მსჯელობით, აცარიელებს შიშველი ემოცია, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში მართული ან გამოიყენება არაკეთილსინდისიერი მიზნებით. როდესაც ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულება, და მათ წაართმევ შესაძლებლობას, დისკუსია იქონიონ, ბუნებრივია, იქ რადიკალური ფორმითვე მოხდება დაპირისპირება. ამიტომ არ არის სწორი რადიკალიზაციის არცერთი ფორმა. 2020 წლიდან მოყოლებული და მანამდეც არაერთი მცდელობა იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, ჯაფარიძე რადიკალურ ფორმებს მიმართავდა – ახლა რა უნდა თქვას კანონმდებელმა, კანონმა, სამართალმა – ჯაფარიძის რადიკალიზაცია კარგია და სხვისი არაა კარგი? ამიტომ, სრულიად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლოა ამ თვალსაზრისით ასეთი ტიპის რიტორიკა, განცხადებები, ქმედებები. ეს ახალისებს საწინააღმდეგო მოსაზრებებს და ანალოგიურ ქცევებს, გამოხატვის ამ ფორმებს – არავის აქვს უფლება, საზოგადოებას შესთავაზოს გამოხატვის რადიკალური ფორმა“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ცნობისთვის, “ალტ-ინფოს” აქციაზე პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. შსს-მ პარლამენტთან დროშის დაწვასთან დაკავშირებით, საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ისევ აღმართა.