შალვა პაპუაშვილი: რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტთან მომხდარ ვანდალურ ფაქტს, რა დროსაც პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ”.

მისი თქმით, დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე.

“გამოვეხმაურები პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის შებღალვის ფაქტს. იცით, რომ ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დასჯადი გახადა როგორც ევროკავშირის, ისე – სხვა ქვეყნების დროშების შებღალვა, რომლებიც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან იყო კიდეც განცხადება, რომ ვინც შებღალა ევროკავშირის დროშა, იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით შესაბამისად დასჯილი.

სამწუხაროა, რასაც ვხედავთ. რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქცევა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. შესაბამისად, იცით, დაზიანებულია თვითონ ფლაგშტოკიც, აღდგება და დროშაც სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ “ალტ-ინფოს” აქცია მიმდინარეობს, სადაც ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა გააჟღერეს, ესენია: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”. ამასთან ჩამოხსნეს და დაწვეს ევროკავშირის დროშა.
აღნიშნული ქმედება კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები