ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტისადმი ინვესტორთა ინტერესი დიდია

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტისადმი ინვესტორთა დაინტერესება დიდია. როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული პროექტი საქართველოში ტვირთბრუნვას შთამბეჭდავად გაზრდის.
პრემიერმა ყურადღება აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა.
„დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული.გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას.
მთავრობის მეთაურმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა.
„ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აბრეშუმის გზა ცივილიზაციათა კვეთის უძველესი გზაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს განვითარებასა და წინსვლაში. მჯერა, რომ დღეს, ამ გზისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება, ახალი განვითარების დასაწყისი გახდება; ჩემი ქვეყნისთვის კი – მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით: “მინდა შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დარწმუნებული ვარ, შთამბეჭდავად გაზრდის ტვირთბრუნვას საქართველოში. ეს გახლავთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს პანამაქსისა და პოსტ-პანამაქსის ტიპის გემები. აღსანიშნავია, რომ უკვე ბევრმა გამოხატა ინტერესი ამ პორტთან დაკავშირებით. ჩვენ სიამოვნებით ვთავაზობთ ჩინურ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროექტში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. და დასძინა, რომ საქართველოში უკვე შემოსულია ჩინური კომპანია “ჰუალინგ ჯგუფი”, რომელიც არაერთ მსხვილ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები