კაზანტიპის პრეზიდენტი უკმაყოფილოა – შესაძლოა ფესტივალი ანაკლიაში აღარ ჩატარდეს

“კაზანტიპის” პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის განცხადებით, მომავალ წლებში შესაძლოა კაზანტიპი საქართველოში არ ჩატარდეს. მისივე განმარტებით, წელს ანაკლიაში ღონისძიების მოსამზადებლად 4 მილიონი დოლარი დაიხარჯა და თანხის დიდი ნაწილის ამოღებაც კი ვერ ხერხდება. მარშუნოკის თქმით, ღონისძიების დაწყებიდან მეოთხე დღეს “კაზანტიპის რესპუბლიკას” სულ 4 000-მდე სტუმარი ჰყავს, რაც მეტისმეტად ცოტაა.
“მე და ჩემმა გუნდმა აქ ყველაფერი გავაკეთეთ იმ მოკლე დროში, რაზეც შეთანხმებული ვიყავით. ჩვენ საქართველოში კაზანტიპის დაბადებას ხელი შევუწყვეთ, თუმცა 4 000 ადამიანი ამ ტერიტორიისთვის ძალიან ცოტაა. დრო გვიჩვენებს რამდენად სჭირდება საქართველოს კაზანტიპი. თუ მე ის დანახარჯი ვერ ამოვიღე და მილიონობით ვალი დამრჩა დაუფარავი, აღარ მექნება საშუალება, რომ აქ ჩავატარო კაზანტიპი. და თუ საერთოდ უკმაყოფილო ადამიანები წავიდნენ აქედან, მაშინ შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩავატარო ეს ფესტივალი”, – განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.
კაზანტიპის პრეზიდენტი ბიზნესმენებისა და მეწარმეების მხრიდან შეთანხმების დარღვევაზეც მიუთითებს და აცხადებს რომ მათ პროდუქციას კოლოსალური ფასები დაადეს.
“პირველ რიგში მინდა იმ ბიზნესმენების მოლოდინებზე ვისაუბრო, ვისაც იმედი გაუცრუვდა კაზანტიპზე ადამიანების ნაკლებობის გამო. ხალხი, რომელიც თავის შვებულებას გეგმავს და რამდენიმე ათასი კილომეტრით შორს ჩამოდის, ისინი პირველ რიგში საცხოვრებლის საფასურს უყურებენ, მისი ფასი კი, დაახლოებით ათმაგად გაიზარდა იმასთან შედარებით, რასაც პირველად შემპირდნენ. ყველა ადამიანი არ იცხოვრებს ისეთ პირობებში, სადაც ერთ სართულზე უკარებო აბაზანაა. თვლიან, რომ ეს შეურაცხმყოფელია და ისინიც კი, ვინც აქ ჩამოსვლაზე ოცნებობდნენ, ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გზებს – როგორ შეიძლება მოხვდე საქართველოში, როდესაც ყველა გზა ჩაკეტილია? ეს მხოლოდ ყველაზე თამამებს გამოსდით. რუსეთიდანაც არ შეუძლიათ აქ ჩამოსვლა, როდესაც ისინი ამ აუდიტორიის 66% არიან. ქართველები კი კაზანტიპზე ძალიან ცოტანი არიან”, – აღნიშნა მარშუნოკმა.
ცნობისთვის, ხვალიდან ქართველ დამსვენებლებს კაზანტიპის რესპუბლიკის ვიზები ფასდაკლებით გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები