გიორგი ცუცქირიძე: გლობალური კრიზისები ხშირად არის შედეგი, არა უბრალოდ ფინანსური ან სასაქონლო ბაზრების ლიკვიდობის კრიზისის, არამედ გლობალურ მოთამაშეთა დოქტრინების დაჯახებისაც

გლობალური კრიზისები ხშირად არის შედეგი, არა უბრალოდ ფინანსური ან სასაქონლო ბაზრების ლიკვიდობის კრიზისის, არამედ გლობალურ მოთამაშეთა დოქტრინების დაჯახებისაც, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“როდესაც რუსეთმა უკრაინის ომამდე დასავლეთს ცნობილი ულტიმატუმი წაუყენა, წერილობითი ფორმით და არა თუ ნატოს გფართოების შეჩერება, არამედ რუსეთ-დასავლეთის სტატუს კვოს აღდგენა მოითხოვა ნატოში ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის, იგივე ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების გაწევრიანებამდე, ანუ ნატოს გაფართოების დაწყებამდე, იგი რუსული იმპერიული ამბიციის გამოხატულებად შეფასდა. რეალურად კი ეს იყო, რუსეთის დოქტრინის პასუხი აშშ-ს გლობალური დომინირების დოქტრინაზე, რითაც რუსეთი ევრაზიული სივრცის დომინანტის პრეტენზიებს უყენებდა დასავლეთს!

დღეს რაც უკრაინაში ხდება სწორედ ამ გეო პოლიტიკურ ინტერესთა შეჯახების შედეგია, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს ომი უბრალო ზავით იგივე უკრაინის ტერიტორიის პირობითად გაყოფით ასე მარტივად და მოკლე დროში ვერ დასრულდება. ყველა წინაპირობა არსებობს ამ ომის არა თუ რამდენიმე წლით გახანგრძლივების, არამედ საომარი მოქმედებათა თეატრის კიდევ უფრო მეტ ინტერნაციონალიზაციაზე, მასში პირველ რიგში ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების ჩართულობაზე, ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის გაფორმებაზე!

რაც საქართველოში ბოლო დღეებში ხდება, ესეც ამ გლობალური დაპირისპირების ანარეკლია. ფაქტიურად აშშ დაუბრუნდა გასული საუკუნის 90 იან წლებში სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერის ცნობილ ფორმულას-21 საუკუნის მთავარი ღერძი შუა აზია, და ამ ღერძის გასაღები კავკასია იქნება.

სწორედ ეს გეო პოლიტიკური ფორმულარი, რამაც უნდა ჩაკეტოს ჩინეთის ექსპანსია შუა აზიაში და შეააჩეროს მისი მზარდი ამბიცია გახდეს აშშ-ის ფაქტიური სამართლამემკვიდრეც გლობალურ პოლიტიკაში, აშშ-ის უბიძგებს შავი ზღვის აუზი გახადოს ამ პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილად.

ჩვენ ზოგჯერ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ უმაღლესი რანგის ამერიკელ დიპლომატთა იმ განცხადებებს, რაც ჩვენში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ცოტა ხნის წინ ფაქტიურად ერთი ერთში გაიმეორა ბეიკერის აღნიშნული გეო პოლიტიკური ფორმულა, მასში საქართველოს მომავალი როლის მიხედვით.

მისი განცხადებით, დღეს შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე იყო, და ამ კონტექსტში – არსებობს რეალური შესაძლებლობა, საქართველომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ცენტრალური აზიიისა და ევროპის დაკავშირების კუთხით და ამასთან, მნიშვნელოვანი დროა, წავახალისოთ საქართველო, დაიწყოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა – გზები, რკინიგზა, ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი – რომელიც ახლავე დააკავშირებს ცენტრალურ აზიას ევროპასთან ანუ ფაქტიურად საქართველოს როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი გეო პოლიტიკური და გეო სტრატეგიული რგოლის ხაზგასმაც.

ეს არის არა მხოლოდ დიდი შესაძლებლობა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაფართოვდეს ბაზარი და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი, არამედ ეს მოცემულობა წმინდა პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებს!

ამიტომაც არის, რომ ამ მოცემულობაში რევოლუციური სცენარი საერთოდ არ შედის აშშ-ის ინტერესში, ადრეც აღმინიშნავს, ეს საკითხი, რომ იდგეს დღის წესრიგში ერთ თვეშიც კი სავსებით შესაძლებელია აქ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა და ამის ბერკეტებიც გააჩნიათ.

მარტო უცხოური ვალების დაფარვა, რომ მიგვთხოვონ რაც სახელმწიფო ვალის შემთხვევაში მთლიანი ეროვნული პროდუქტის 40 პროცენტია, ხოლო მთლიანი ვალი კომერციული სტრუქტურების ჩათვლით 100 პროცენტამდე, ჩავთვალოთ, რომ ეკონომიკა მთლიანად არის ჩამოშლილი თუ სხვამ არ გაგვიკეთა რეფინანსირება, რაც დღევანდელი მოცემულობით და ხვალინდელითაც არის წარმოუდგენელი. ამას ვერც რუსეთი შეძლებს და არც ჩინეთი მოინდომებს ამ ეტაპზე!

და მაინც რა სურს დღეს აშშ-ს და დასავლეთს საქართველოსგან? რატომ ჰქონდა ასეთი მკვეთრი რეაქცია ე.წ უცხო გავლენის აგენტების კანონპროექტზე? ვფიქრობ სწორედ ამ ფაქტორის გამო, გაზრდილი გეო პოლიტიკური დატვირთვისას, რაც მოხდა და მანამდეც მკვეთრად გამოხატული საერთაშორისო რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო პრერვენცია და შეხსენება “ქართული ოცნებისათვის”, რომ მომავალში გაზრდილი ინტერესის და დაფინანსების პირობებში, პრიორიტეტი ცალსახად დასავლეთზე უნდა იყოს ორიენტირებული, და როდესაც სუვერენიზაციის ეფემერულ ხასიათზე ვწერ, ეს ფაქტორები მაქვს მხედველობაში. მოკლედ რომ ვთქვათ, აქ ცალსახად შენ ინტერესს ძალიანაც, რომ გინდოდეს ვერ გაატარებ, და ეს კანონი სულაც პროქართული რომც ყოფილიყო, თუ ის არ იქნებოდა შეთანხმებული და წინასწარ ვიზირებულიც საერთაშორისო დონეზე, შედეგი დაახლოებით იგივე იქნებოდა!

ჩვენ კარგად უნდა გადავიაზროთ ჩვენში ასე პოპულარული თეზის-ჩვენივე თავი ჩვენვე უნდა გვეკუთვნოდეს-მნიშვნელობაც, რასაც ხშირად არასწორი ინტერპრეტაციები ეძლევა. ეს დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ ავტარკიული სისტემის პირობებშია შესაძლებელი და ისიც მხოლოდ თეორიულად!

ქართული ოპოზიციაც არის ამ გლობალური თამაშის ნაწილი, სადაც ის ოდენ ხელისუფლებაზე ზეწოლის როლით შემოიფარგლება, და ამიტომაც უნდა გავუცრუო იმედები მათაც ვისაც ჰგონია, რომ აქ რევოლუცია მოხდება და ხელისუფლება ავტომატურად ნაციონალებით ან მათივე განშტოებებით შეიცვლება.

აშშ პირველ რიგში ეცდება, სიტუაცია წაიყვანოს დეესკალაციისაკენ, არეულობა თუ ვინმეს ეხლა აწყობს ეს არის რუსეთი, რომელიც შანს არ დაუშვებს პირველივე სერიოზული კრიზისისას აქ შემოსაჭრელად.

ბუნებრივია, აშშ მაქსიმალურად ეცდება, აქ მისთვის ლოიალური ან სულაც პროამერიკული ხელისუფლების მოყვანას უკვე 2024 წლის არჩევნებზე. ამიტომაც არის ქართულ ოცნებას აქვს კარგი შანსი, შეცდომებზეც ისწავლოს და არჩევნებამდეც მეტ-ნაკლები რყევებით მივიდეს, აქვე დავძენ, რომ ასეთი განვითარების შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც უპრობლემოდ მივიღებთ!

დანარჩენს უკვე ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რადგან მიუხედავად სუვერენიზაციის ეფემერული ხასიათისა, დასავლეთი ვიეტნამის და ერაყის შემდეგ, რასაც წარუმატებელი “არაბული გაზაფხული” მოყვა, ღია ჩარევაზე აღარ გადავა, უბრალოდ ხალხის განწყობათა პალიტრის შეცვლაზე ჩამოვა ფსონს”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები