პრემიერი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ტურის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ტურის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს საერთაშორისო ტურის – “მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე” მონაწილეებთან დასკვნით შეხვედრას დაესწრება. მთავრობის მეთაური შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის“ განუყოფელ ნაწილის როლსა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების გეგმებზე ისაუბრებს. „აბრეშუმის გზის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც პოლიტიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირების, სავალუტო ბრუნვისა და ხალხთა მეგობრობის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ჩინეთის მთავრობას ეკუთვნის. „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების ეკონომიკური სარტყელის განვითარების კონცეფციის შესაბამისად, ჩინეთის საგარეო და ინფორმაციის სამინისტროების მხარდაჭერით 20 ივლისს, პირველად, ისტორიული „აბრეშუმის გზის“ სათავიდან, სტარტი აიღო მასშტაბურმა კულტურულ-ეკონომიკურმა ექსპედიციამ, რომლის შემადგენლობაში არიან წამყვანი საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები, მეცნიერები და სახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირები. დელეგაცია ყველა იმ ქვეყანას სტუმრობს, სადაც „აბრეშუმის გზა“ გაივლის და მათ ეკონომიკურ, საინვესტიციო, ტურისტულ, კულტურულ და ისტორიულ მდგომარეობას გაეცნობა. თავდაპირველად პროექტში, საქართველო არ მოისაზრებოდა და მარშრუტი სოჭის გავლით, თურქეთისკენ მიემართებოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველო პროექტში ჩაერთო.
„მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“ მომავალი ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექსპედიციის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება. საერთაშორისო ტურის დასკვნითი შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ასევე აჭარის მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები