“იმედია, რომ შემდეგი მინისტრი ვისაც პრემიერი დაითხოვს სწორედ ზაქარეიშვილი იქნება”!

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე მიიჩნევს, რომ თუ პრემიერმა მთავრობაში მომავალში საკადრო ცვლილებები განახორციელა, პირველი სწორედ პაატა ზაქარეიშვილს შეეხება, ამის შესახებ ვრცელ სტატუსს პოლიტოლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. “კვირა“ ჯუმბერ კირვალიძეს სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„იმედია, რომ შემდეგი მინისტრი ვისაც დაითხოვს პრემიერი ღარიბაშვილი, სწორედ ზაქარეიშვილი იქნება”! – ჯუმბერ კირვალიძე
ხვალ, 24 აგვისტოს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება… დიახ, სეპარატისტულ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები რიგით მეოთხე დეფაქტო პრეზიდენტს აირჩევენ, მხოლოდ გალის რ–ნის მცხოვრები 20 000 ქართველი ეროვნების ადამიანი, ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რადგანაც ჩამოართვეს ხმის უფლება, რომელიც მათ ჰქონდათ დეფაქტო პრეზიდენტების ბაღაფშის და ანქვაბის მმართველობის პერიოდში. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ადრეც და ახლაც, მიიჩნევს უკანონოდ მსგავსი არჩევნების ჩატარებას, რადგანაც იგი ვერ აკონტროლებს აღნიშნულ ტერიტორიას, უკვე 20 წელზე მეტია, თანაც ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ ღებულობს 250 000 ათასამდე დევნილი, რომლებიც იძულებით გამოდევნეს კუთვნილი კარმიდამოდან და ამდენად, სანამ ისინი აფხაზეთში საკუთარ სახლებში არ დაბრუნდებიან, მანამდე ნებისმიერი არჩევნების შედეგები არ იქნება კანონიერად ცნობილი, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სამართლის საფუძველზე! ამიტომ, თითქოს არ უნდა მივანიჭოთ დიდი მნიშვნელობა იმას, რომ ამ აკრძალვის გამო, 20 000 გალელი ქართველი ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ უკანონო არჩევნებში, მაგრამ, თუ კომპლექსურად განვიხილავთ, დღეს მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების კონტექსტში, მაშინ, უნდა ითქვას ის, რომ ეს მოვლენა და გზავნილები აფხაზეთიდან, რომელსაც ვღებულობთ და ვაანალიზებთ, სანუგეშოს ვერაფერს გვეუბნება… მეტიც, მოსალოდნელია ვითარების მკვეთრი გაუარესება, რომელიც უკრაინის კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და რომლის აპოგეა იქნება, ახალი საბაჟო და ევრაზიული კავშირების შექმნა და ჩამოყალიბება, სადაც, რუსეთის მიერ უეჭველად მოიაზრება საქართველოს ორი შემადგენელი რეგიონი, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი! აქ, დიფერენცირებული მიდგომა ვერ იქნება, ან ევროკავშირთან ასოცირებულ სახელმწიფოთა შემადგენელი ნაწილი ხარ, ანარადა, საბაჟო, ანუ მომავალი ევრაზიულ კავშირში მყოფი სახელმწიფოთა ნაწილი, ანაც, მინიმუმ მათთან ასოცირებული წევრი–ქვეყანა, ოღონდ, რუსეთის გარდა სხვებმაც (ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და სხვა) უნდა ცნონ ამ “ქვეყნების დამოუკიდებლობა”! მოკლედ, პერსპექტივა, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს გამთლიანებისათვის მეტად მძიმე და ფაქტიურად უიმედოა, ამას ისიც ემატება, რომ რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილი!.. ესეც, რომ არ იყოს, საქართველოს ხელისუფლების სტრატეგიული კურსი ჩვენი ამ ორი რეგიონის მიმართებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, აგერ უკვე ლამის 2 წელია ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება” და პ.ზაქარეიშვილის აბსურდული “შერიგების თეორიების” ამარაა ქართული საზოგადოება და “მონუსხული” სხვა გამოსავალსაც ვერ პოულობს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზაქარეიშვილი საქართველოს “უკანასკნელი იმედია”, ამ საქმეში, არადა, ვინც “მონუსხული” არ არის ზაქარეიშვილის “ჯადოქარი თეორიების” გამო, მათთვის ცხადია, რომ გამოსავალი სწორედ ზაქარეიშვილის უფხო და უხერხემლო “თეორიებისგან”, რაც შეიძლება სწრაფად განთავისუფლებაშია! იმედია, რომ შემდეგი მინისტრი ვისაც დაითხოვს პრემიერი ღარიბაშვილი სწორედ პ.ზაქარეიშვილი იქნება! ერთი მაგალითი მისი “თეორიიდან”, 2 წელია ზაქარეიშვილი გაიძახის (და მასზე დაყრდნობით მთავრობაც!) – საქართველოს გასამთლიანებლად მთავარია, რომ საქართველო აფხაზებისთვის და ოსებისთვის გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან დიალოგში, ხელი არ შეგვიშალოს რუსეთმაო!.. – აი, ეს “მთავარი სტრატეგიული მიგნება” თუ განხორციელდა, მაშინ საქართველოს გავაერთიანებთო!.. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმდენად უბადრუკია ასეთი მსჯელობა… ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ აი, ამ დღეებში, როცა თხილის კრეფის სეზონია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთის გალის რაიონში, სადაც მუშახელის მწვავე ნაკლებობაა, აქაურ სოფლებში ნახავთ ათობით და შეიძლება ასობით ქართველს, რომლებიც “გადაპარულები” არიან ენგურს გაღმა, არამარტო სამეგრელოს რაიონებიდან, არამედ გურიის და იმერეთის რეგიონებიდანაც, რადგანაც, დღიური ფულადი ანაზღაურება აქ უფრო მაღალია, ვიდრე ანალოგიურ შრომაზე საქართველოს სხვა მხარეებში! ზაქარეიშვილის მიხედვით კი, “მთავარი ეკონომიკური მიმზიდველობაა” (არავინ უარყოფს ეკონომიკის როლს, მაგრამ, განა მხოლოდ ეს კმარა?!), მაშინ, გამოდის, რომ აფხაზები კი არა, ქართველები “იქით უნდა შეუერთდეთ” მათ!.. მარტო ამ საკითხში ჩანს, “შერიგების თეორიის” ავტორის უგერგილობა? არა, ბევრ სხვაშიც, მაგრამ ესეც კმარა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად შეიმუშავოს ქვეყნის გამთლიანების ყოვლისმომცველი სტრატეგია, სანამ საბოლოოდ არ დაგვიანდება და ყველას მოგვეკითხება ეს, ქართველების რამოდენიმე თაობას! ვერაფერი ნუგეშია, დასკვნები, თავად გააკეთეთ!..“ – წერს ჯუმბერ კირვალიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები