ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ ძალიან ბევრი სექტორი გვაკავშირებს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს თანამშრომლობას შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთმანეთთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკით ვოპერირებთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ ჩვენი ინფრასტრუქტურების განვითარება, გამტარუნარიანობის ზრდა, რათა ჩვენმა ქვეყნებმა გააგრძელონ და შექმნან ის უპირატესობა, რომ შუა დერეფანი იყოს ერთ-ერთი გამორჩეული სატრანსპორტო მარშრუტი“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო დღეებში აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე და თითქოსდა საქართველოს მხრიდან ტვირთების მაღალ სატარიფო ფასზე. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ეს საფუძველს მოკლებული ინფორმაციაა.
„ჩვენი ურთიერთობები არის მეგობრული, თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. სამაგალითოა ის კავშირები რაც ჩვენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თითოეულ უწყებასთან გვაქვს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში საქართველომ შეასრულოს უმნიშვნელოვანესი როლი, და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება. ეს კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმის, თუ რამდენად კეთილგანწყობაზე, პარტნიორობაზე, მშვიდობაზე და რეგიონში სტაბილურობაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის განმარტებით, ყველა სექტორში ეს იქნება ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ სხვა მიმართულება, აზერბაიჯანი საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა.
„ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში საქართველოსთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ასევე ვთანამშრომლობთ გაზის იმპორტის ნაწილშიც და ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები 2027 წლისთვის. გეგმაზომიერად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, დადებითად დასრულდება ეს მოლაპარაკებაც, რაც ორ ქვეყანას ამ ფორმატშიც აკავშირებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, სწორედ ამ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე დაყრდნობით, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ძალიან დიდი რესურსი მიმართოს უშუალოდ საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე.
„დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა 2012 წლიდან დღემდე იმისათვის, რომ გაზრდილიყო საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გამყარდეს და განაგრძოს, იყოს კონკურენტუნარიანი პარტნიორი. სწორედ ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით მილიარდი ლარის ინვესტირება მოხდება უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში, რის ფარგლებშიც მოხდება განვითარება და მათ შორის, ლოკომოტივების პარკის დამატება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის ფარგლებშიც გაორმაგდა გამტარობა, რაც საქართველოს რკინიგზას აქვს. ასევე ძალიან მალე სრულიად რეგიონი – აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო ვიზეიმებთ ბაქო-თბილისი-ყარსის ისტორიული პროექტის გახსნას, რომელსაც ექნება უმნიშვნელოვანესი როლი როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.