სოზარ სუბარი: ძალიან კარგია, რომ 20%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული რგოლის ხელფასები, მაგრამ მომავალ თაობას მასწავლებელი ზრდის, ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით კი სკოლის მასწავლებლების ხელფასი არ იზრდება

განათლების სისტემის რეფორმის და განათლების ხარისხის ამაღლების უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს პარალამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი. როგორც ის აცხადებს, დაფინანსების ზრდა არის ერთერთი აუცილებელი პირობა რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის.

ამავდროულად, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში საჭიროა მასწავლებლებისა და საბავშვო ბაღების აღმზრდელების ღირსეული ხელფასით უზრუნველყოფა. მისი თქმით, ბიუჯეტში ამ საკითხსაც უნდა დაეთმოს ჯეროვანი ყურადღება, რადგან მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდა, სწორედ მასწავლებლების კვალიფიკაციასა და მათ სოციალურ გარანტიებზეა დამოკიდებული.

 

„რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვის იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო და არ არის ასახული პროექტში: ერთ-ერთი მთავარი თემა, რაზეც მთავრობა ბოლო კვირების განმავლობაში მუდმივად ლაპარაკობდა, განათლების სისტემის რეფორმა, განათლების ხარისხის ამაღლებაა და ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი განათლების სისტემა გვექნება, რამდენად განათლებული ახალი თაობა გვეყოლება და რამდენად კონკურენტული იქნება ჩვენი მომავალი თაობა საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც სუსტების ადგილს პრაქტიკულად აღარ ტოვებს დღევანდელი სამყარო. სუვერენიტეტის შენარჩუნებაც და, უფრო მეტიც, ჩვენი სამშობლოს არსობობაც კი, დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული. ამ ფონზე კი ვხედავთ, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით სკოლის მასწავლებლების ხელფასი არ იზრდება. ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ 20%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული რგოლის ხელფასები, მაგრამ მომავალ თაობას, პირველ რიგში, სწორედ მასწავლებელი ზრდის. მეორე მხრივ, მხოლოდ მასწავლებლების ხელფასის გაზრდა ალბათ დიდ შედეგს ვერ მოგვცემს, თუ ამავდროულად არ ვიზრუნებთ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მით უმეტეს, იმ ამბიციური გეგმების ფონზე, რასაც განათლების რეფორმა გულისხმობს. წარმოდგენილ ბიუჯეტში მე ვერ ვნახე, რომ ამ თემაზე სერიოზულად იყოს ნაფიქრი. შეიძლება, ვინმე ფიქრობს კიდეც, შეიძლება გარკვეული ხედვა არსებობს კიდეც, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ასახული ბიუჯეტში. არადა, სწორედ ეს საკითხი უნდა იყოს ქვეყნისა და შესაბამისად, მისი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სწორად მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა იყოს მიმართული ძალიან დიდი ძალისხმევა.

 

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ისევ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დაფინანსებას ეხება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – მთავრობის მხრიდან წარმოდგენილია ძალიან მასშტაბური რეფორმის ხედვა და კონკრეტული გეგმა, რამაც ძირფესვიანად უნდა შეცვალოს და გააუმჯობესოს ამ სფეროში ვითარება და, ამ დროს, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების დაფინანსება უმნიშვნელოდ, დაახლოებით 6 მილიონი ლარით (86 მილიონიდან 90 მილიონამდე) იზრდება. ამაზე იტყვიან, „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო”, რადგან, თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ განათლებისა და მეცნიერების სისტემა ძირფესვიანად უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ, მაშინ, ბენებრივია, რომ ეს არ არის ის ზრდა, რომელსაც ველოდებოდით. თუმცა, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დაფინანსების გაზრდა, არამედ ძალიან მკაფიო და ნათელი სურათი იმისა, თუ კონკრეტულად რა მიზნებს უნდა მოხმარდეს გაზრდილი დაფინანსება და რა არის ის შედეგი, რასაც ველოდებით. როცა განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ძალიან დაბალია საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელების ხელფასები. მართალია, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით ზრდა არის გათვალისწინებული, რაც მისასალმებელია, მაგრამ, ჯერ ერთი ეს ზრდა არ არის საკმარისი და, მეორე – საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღების აღმზრდელებს განსხვავებული დაფინანსება აქვთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაგა-ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც სწორი მოდელია, მაგრამ უნდა გამოინახოს ამ ხელფასების გათანაბრების რაიმე საშუალება, რაიმე მოდელი. არ არის სამართლიანი, როდესაც ერთი დი იმავე საქმის შესრულებისთვის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმზრდელების ხელფასებს შორის სხვაობა 200 ლარს ან მეტსაც კი აღწევს,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები