დენის შმიგალი: ჩვენთვის საკმარისი არ არის ნატოს „ღია კარი“ – ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან

უკრაინა 11-12 ივლისს ვილნიუსში (ლიტვა) დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის აქტიურად ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის. ველოდებით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადებები იყოს. ჩვენთვის საკმარისი არ არის „ღია კარი“. ეს ფრაზა უკრაინისათვის მრავალი წელია ისმის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა და ველით კონკრეტიკას ჩვენი პარტნიორებისგან“, – აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, უმაღლესი რადა უკრაინის ნატოსთან სტანდარტიზაციაზე უკვე მუშაობს.

„ჩვენი სამხედროები დღეს ნატოს აღჭურვილობით იბრძვიან, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყენებენ ნატოს სტანდარტებს, ანუ პრინციპში ჩვენ უკვე დე ფაქტო ვართ ნატოში. ბევრი ქვეყანა წევრიანდება ნატოში, რათა ჰქონდეს [ამერიკული საზენიტო სარაკეტო სისტემა] Patriot-ი, [გერმანული ტანკი] Leopard-ი. დღეს უკრაინა უკვე ნატოშია ამ მხრივ, რჩება ჩვენი პარტნიორების პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილებები მართლაც მიიღონ ამ სამიტზე“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები