ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერს დარიალის ხეობაში შექმნილი ვითარება ადგილზე გააცნო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად შექმნილი ვითარება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადგილზე გააცნო. მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შს მინისტრმა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დარიალის ხეობაში რჩებიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
უწყების ცნობით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც ლარსის ჰესის გვირაბში იყო დაკარგული და რომლის ცხედარი წყლის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა, უკვე გადმოასვენეს საქართველოში. ცხედარს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მეორე დაკარგულ მოქალაქეს, შსს-ს მაშველები მის მოსაძებნად საძიებო სამუშაოებს ინტენსიურად აგრძელებენ.