მაჭარაშვილი – ნედ პრაისის განცხადებაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება თუ ევროპარლამენტარი, შავზე თუ გეტყვის – თეთრიაო, არ უნდა დაეთანხმო

სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება თუ ევროპარლამენტარი, შავზე თუ გეტყვის – თეთრიაო, არ უნდა დაეთანხმო. ნედ პრაისმა რომ თქვას, რომ მზე ამოდის დასავლეთიდანო, კითხვას დამისვამთ ეთანხმები თუ არა იმიტომ, რომ ნედ პრაისმა თქვაო?! – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის თანაავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღეს ევროპაში არიან ადამიანები, ვინც შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს სუვერენიტეტს.

„არაერთხელ მითქვამს და გუშინ კიდევ ერთხელ დადასტურდა მათი კოლონიალური აზროვნება, მონური ფსიქოლოგია. ნაცვლად იმისა, ეთქვათ, რომელი წინადადებაა ანტიდემოკრატიული, ამბობდნენ სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა და ევროპარლამენტარმაო, ბოლოს დააგვირგვინა გიორგი ბურჯანაძემ, კი ბატონო, შეიძლება ეს არ იყოს სწორი, მაგრამ ევროპიდან თუ გვეტყვიან, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე დავდგეთ, უნდა დავდგეთო. შე დალოცვილო, ხომ იცი, რომ ერთი კვირა ადამიანი ცალ ფეხზე ვერ დადგება? ანუ ბურჯანაძეს იმდენად მონური ფსიქოლოგია [აქვს]… და არა მხოლოდ მას, ნებისმიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელს.
ეს იქნება სახელმწიფო დეპარტამენტი თუ ევროპარლამენტარი, შავზე თუ გეტყვის, რომ თეთრია, ამას არ უნდა დაეთანხმო, რადგან ქართული სახელმწიფო სუვერენული სახელმწიფოა, როცა არ ამბობთ რა არის კანონპროექტში რომელი წინადადებაა ანტიდემოკრატიული და კითხვას სვამთ, რომ ნედ პრაისმა რომ თქვა ამას რას უპასუხებთო, ნედ პრაისმა რომ თქვას, რომ მზე ამოდის დასავლეთიდან, კითხვას დამისვამთ ეთანხმები თუ არა ამას იმიტომ, რომ ნედ პრაისმა თქვაო?! – ეს არის არასწორი. ეს არის კოლონიალური დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ამბობს, რომ ქართული სუვერენიტეტი არაფრად მიაჩნია და მთავარია რას იტყვის ნედ პრაისი, ევროკავშირი და თუნდაც, სუვერენიტეტი საერთოდ არ გვქონდეს, მაინც თანახმა იქნებოდა ამაზე. ევროპაში არის უამრავი კარგი ღირებულება, მეტსაც გეტყვით, ფაშიზმი ევროპაში იყო, მთელმა ევროპამ თქვა უარი ფაშისტურ ევროპაზე, მაგრამ ევროპულ ღირებულებებზე არ უთქვამთ უარი და არც ჩვენ ვამბობთ, პირიქით, ვამბობთ, რომ ეს მალე გაივლის მათ შორის ევროპაში და დაბრუნდება იქ ღირებულებითი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ატარებენ ევროპულ ღირებულებებს. ჰიტლერი ევროპიდან იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა იყო ასეთი. დღეს ვინც არიან იქ და შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას, ეს არის არასწორი და ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, მოვლენ ისეთი ადამიანები, ვინც დააფასებენ ევროპაში ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკული კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნებისმიერი, ვინც მხარს დაუჭერს აღნიშნულ კანონპროექტს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები