ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას – დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია

სცენაზე დგებიან კონკრეტული დაფინანსებით ორგანიზაციები და ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რასაც NGO-სთან არავითარი კავშირი არა აქვს – ჩვენ აქაც პატიოსანი თამაშის წესები გვინდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა.

„მაგალითებზე როდესაც ვსაუბრობთ, მინდა რამდენიმე ციტატა წავიკითხო, კონკრეტული სახელებითა და გვარებით. თამთა მიქელაძე: „ეკლესია საკუთარ გამდიდრებაზე ორიენტირებული ინსტიტუციაა“. ნინია კაკაბაძე: „რა სინქრონულად სამარცხვინოები არიან ეს ჩვენი ხელისუფლება და ეკლესია“. ბაია პატარაია: „ეკლესია და ილია მეორე მკვლელია“. ლიკა ბასილაია-შავგულიძე: „ძალიან მიხარია, რომ ეს ბოროტების იმპერია ემხობა, წესიერი ხალხი, თუ ვინმე შემორჩა ეკლესიაში, უნდა წამოვიდეს წინ და ბნელები უნდა ჩაქვესკნელდენენ“. გიორგი ბურჯანაძე: „კანონიერ ქურდებს რომ ჰქონდათ გავლენა ხელისუფლებაზე, პოლიციელებზე, ხომ გახსოვთ? იგივეა, როდესაც რელიგიური კონფესია ახდენს ხელისუფლებაზე ასე გავლენას და თავის ჭკუაზე ათამაშებს – სირცხვილია“. ნახეთ, ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა იდენტობის წინააღმდეგ. როდესაც ერთ დონეზე აყენებ ტიციან ტაბიძესა და ბაია პატარაიას, ეს ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა. [თურმე] ეს უნდა გავატაროთ. ამას როგორც კი გაატარებ, შენი იდენტობა იქ დამთავრდება. როგორც კი ტოლობის ნიშანს დაასმევინებ პაოლო იაშვილსა და გიგა მაქარაშვილს შორის, იქ დამთავრებულია შენი იდენტობა. ეს არის მიზანმიმართული პროცესი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვისი დაფინანსებით აგინებენ ეკლესიას. დღეს პარლამენტში იყო ეკლესიის მაგინებლების აქცია – ეს საზოგადოებამ დაინახა და თავის შეფასებას მისცემს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები