მერია „სითი პარკს“ ხელშეკრულების პირობების გადახედვისთვის ვადას სექტემბრის ბოლომდე აძლევს

    თბილისის მერი კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულების პირობების შეცვლის ვადას სექტემბრის ბოლომდე აძლევს- ამის შესახებ განცხადება თბილისის მთავრობის წევრებმა “სითი პარკის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთეს.
როგორც თავად დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ის კომპანიის ხელმძღვანელობას სექტემბრის ბოლომდე აძლევს ვადას ხელშეკრულებაში გონივრული, გაანგარიშებასა და მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებების შეტანისთვის.
“ეს ხელშეკრულება არ ემსახურება ხალხის და ქალაქის ინტერესებს. ის არის კონკრეტული ფირმის და მასთან დაკავშირებული პირების გამდიდრების საშუალება. არსებული კონტრაქტით მუნიციპალიტეტი მხოლოდ უსუსური წარმონაქმნია. მე არ ვიცი სხვაგან ანალოგიური ხელშეკრულება, რომელიც ასეთ უსუსურ მდგომარეობაში აყენებდეს მუნიციპალიტეტს. მოვემზადოთ, რათა დავჯდეთ ხელშეკრულებაში ცვლილებებისთვის – გონივრულ და გაანგარიშებაზე, ასევე მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებული ცვლილებებისთვის. გთავაზობთ, სექტემბრის ბოლომდე ჩამოვყალიბდეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ ხელშეკრულება: ჩვენ ჩვენს წინადადებებს შემოგთავაზებთ, თქვენ თქვენი წინადადებები მოგვახსენეთ”, – მიმართა კომპანიის ხელმძღვანელობას დავით ნარმანიამ. ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, “სითი პარკმა” უნდა გაითვალისწინოს, რომ მერიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და ის დამოკიდებულება, რომელიც მათ აქვთ არ შეესაბამება იმას, როგორიც უნდა იყოს მილიონნახევარი ადამიანის მიერ არჩეული ორგანო. “მერიაში შეიცვალა ხელმძღვანელობა და მოვიდა ახალი, რომელიც თბილისელებზე ზრუნავს. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს იმ ხელშეკრულებაში, რომელიც კომპანიასა და მერიას შორის გაფორმდა და ვფიქრობ, ნელნელა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ კონტრაქტს მომავალი არ უწერია”, – განაცხადა მარგიშვილმა. კიდევ ერთი ვიცე-მერის, გიორგი ხელაიას განცხადებით კი, თანამშრომლობა მაშინაა შესაძლებელი, როცა მხარეებს შორის სასტარტო პირობები თანაბარია.
“იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ, სასტარტო პირობები უნდა იყოს თანაბარი. კონტრაქტი არის ორივე მხარის გამომხატველი დოკუმენტი. იმ პირობებში, როცა ერთი მხარის უფლებები დაყვანილია ნულამდე და მეორე უმაღლეს ხარისხშია აყვანილი, ძალიან რთულია ვისაუბროთ თანამშრომლობაზე”, – აღნიშნა გიორგი ხელაიამ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ აღნიშნა, რომ მერიის ხელმძღვანელობის ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ხელშეკრულების შეცვლა.
“ვიცით, რომ არჩეული ხართ ხალხის მიერ, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარის მიერ არის დადებული და იმედი მაქვს იმის, რომ ამას ორივე მხარე პატივს სცემს. თუ რაიმე უკეთესს შემოგვთავაზებთ, შეგვიძლია განვიხილოთ, რადგან არც მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ნაკლებად ფიქრობს მოქალაქეებზე, თუმცა ის ფაქტი, რომ მთავრობა შეიცვალა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შეიცვალოს ხელშეკრულებაც”, – აღნიშნა “სითი პარკის” გენერალურმა მენეჯერმა.
აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან დღეს მოითხოვა თბილისის მთავრობას წარუდგინონ სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის მიმოწერა, რაც კი მერიის ყოფილ ხელმძღვანელობასა და კომპანიის შორის ყოფილა. ასევე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, რა ინვესტიცია ჩადო “სითი პარკმა” საქართველოში და რა მოგება აქვს დღესდღეობით. ასევე, გეგმა სამომავლო სამუშაოების შესახებ და კონკრეტული დასაბუთება და გაანგარიშება იმისა, თუ რამ განაპირობა პარკირებაზე ტარიფის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები