“საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს” – ალი ბაბაევი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს

“საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს”, – ამის შესახებ “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბაბაევმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა.

“მინდა, ყურადღება გავამახვილო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე, გეოპოლიტიკური პროცესებზე, რომელიც ჩვენს სამეზობლოშია და ასევე ამ პროცესებში ჩვენი ხელისუფლების როლზე. იცით, რომ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე პირველად მოხდა ის, რომ სამი მოძმე რესპუბლიკის ხელისუფლების მეთაურებმა ერთად ბრიფინგი ჩაატარეს, სამშვიდობო ფორმატზე ისაუბრეს, რაც კავკასიის რეგიონს ნამდვილად აწუხებს. მხედველობაში მაქვს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ბრიფინგი მიუნხენში, სადაც ჩვენს რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკა იქნა განხილული. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს რეგიონისთვის დიდი წინსვლაა. თქვენ იცით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიდი კონფლიქტია, რაც 44- დღიანი ომის შემდეგ უფრო გამწვავდა. აზერბაიჯანმა თავის მიწები დაიბრუნა. სომხეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა. პროგრამა, რაც დადებული ხელშეკრულებით უნდა განხორციელდეს, არ სრულდება. ამის შემდეგ პროცესებში ჩაერთნენ აშშ-ის, ევროპის სხვადასხვა სტრუქტურა, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, მაგრამ დღესდღეობით ეს სამშვიდობო ხელშეკრულება ფერხდება და წინსვლას ადგილი არ აქვს. ამ მიმართულებით მიუნხენში გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის პოლიტიკა დააფიქსირა, ის ბოლომდე იბრძვის, რომ თავის ტერიტორიები მთლიანად დაიბრუნოს. იქიდან უნდა გავიდნენ სამხედრო შენაერთები. სომხური მაფიოზური დაჯგუფებები კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას ხელს უშლიან.

იცით, რომ ჩაკეტილია ლაჩინი – შუშის მონაკვეთი. ამაზეც დიდი აჟიოტაჟია ევროპაში, სხვადასხვა ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ ეს გზა უნდა გაიხსნას. აზერბაიჯანის ხელისუფლება მოთხოვნაზე უარს ამბობს და სომხეთს ამ გზაზე ერთობლივი გამშვები პუნქტის შექმნის წინადადება წარუდგინა. გუშინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, ისინი ჯერჯერობით ამ წინადადებაზე უარზე არიან. სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტზე, რომელიც აზერბაიჯანმა წარადგინა, სომხები ჯერ დუმან. ეს კონფლიქტი ჯერჯერობით ამ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ეს რეგიონისთვის ცუდის მანიშნებელია, არ არის გამორიცხული, ეს კონფლიქტი უარესობისკენ წავიდეს.

მიუნხენში, კონფერენციაზე სამივე ქვეყნის ლიდერების მხრიდან განცხადებები გაკეთდა, სადაც მკაფიოდ ჩანდა, რომ ამ რეგიონში მშვიდობა აუცილებელია. მინდა, ყურადღება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე გავამახვილო, სადაც მკაფიოდ იყო საუბარი იმ მშვიდობიან პოლიტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ჩვენ გავიარეთ ის მომენტები, როცა საქართველოს შუამდგომლობით სომეხი ჯარისკაცები გათავისუფლდნენ და აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკები გადაეცა. ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი დამსახურება იყო.
მიუნხენში სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა პირველად მოხდა, სტაბილურობის და მშვიდობის პოლიტიკა იქნა განხილული. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში დიდი როლი აქვს.

რა თქმა უნდა, თუ რეგიონში მშვიდობა დამყარდება, ეს სამივე რესპუბლიკისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენმა მეზობელმა სომხებმაც, აზერბაიჯანელებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ უნდა დასხდნენ და მოილაპარაკონ, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება”, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები