ფინეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის მომავალი ევროკავშირისა და NATO-ს წევრობაა
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ევროპა არასდროს მიატოვებს უკრაინას და ქვეყანაში გაცილებით მეტ მძიმე ტექნიკას გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ მარინმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინა დასავლეთის დახმარებით გაიმარჯვებს და ქვეყანას ნათელი მომავალი ელის ევროკავშირსა და NATO-ს შემადგენლობაში. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ომის სხვა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.
„რუსეთმა ეს ომი წააგო. ეს არ არის ლეგიტიმური ომი. მასზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება. ყოველდღე რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას კლავს, განძრახ კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. ხალხს აუპატიურებენ. ბავშვები მასობრივად გაჰყავთ რუსეთში. ყველა ამ ქმედებაში დამნაშავე ადამიანები უნდა დაისაჯონ. რუსეთის ხელისუფლებას, პუტინს, სასჯელი არ ასცდება. ფინეთი მხარს უჭერს ყველა მცდელობას ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მათ შორის რუსეთის ხელისუფლებისაც“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ომი დამთავრდება, როდესაც რუსეთი საკუთარ ჯარს უკრაინიდან გაიყვანს. მარინმა ასევე აღნიშნა, რომ ომი არ უნდა გადაიზარდოს გაყინულ კონფლიქტში.
“მყარი მშვიდობისკენ გზა – ეს რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაა“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ მხოლოდ ეს არის ღია გზა მოლაპარაკებამდე და ნაბიჯი მშვიდობისკენ.