„არაა გამორიცხული, რომ  უკვე უკრაინელების მხრიდან  განხორციელებული შეტევების არაერთი კასკადი ვიხილოთ“ – ვახტანგ მაისაია 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები  მანევრირებას ახორციელებენ,    არაა გამორიცხული, რომ  უკვე უკრაინელების მხრიდან  განხორციელებული შეტევების არაერთი კასკადი ვიხილოთ,“ – ამის შესახებ უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ  მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

მაისაიამ რუსეთ- უკრაინის  ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე   უკრაინაში არსებული ვითარება შეაფასა.

„სამწუხაროდ, დღეს ტრაგიკული თარიღია. აგრესია კვლავ გრძელდება. 1 წლის თავზე როგორი  მდგომარეობაა:   ამ ეტაპზე, თუ განვიხილავთ სამხედრო- სტრატეგიული და ოპერატიულ კუთხით, სიტუაცია პოზიციური, ანუ თანაბარია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ 1 წლის განმავლობაში იმ ფსიქოლოგიური, გეოსტრატეგიული შოკიდან გამოსვლა შეძლეს, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამ  ომის დაწყების პირველ თვეებში განახორციელა. ეს იყო ერთგვარი ბლიცკრიგის სტრატეგიაზე აგებული სამხედრო ინტერვენცია,  რომელიც  იმას ითვალისწინებდა,  რომ უკრაინისთვის რაც შეიძლება მოულოდნელი ეფექტის ელემენტის შექმნა მოეხდინა, უნდა მომხდარიყო მთავარი ქალაქების (ხარკოვი, ნიკოლაევი, ოდესა, ხერსონი, კიევი)  აღება. უნდა მომხდარიყო ღია ინტერვენცია,  რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა მოჰყვებოდა, ზელენსკის მაგივრად  პრორუსული ხელისუფლება მოვიდოდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ  ამ მოულოდნელობის ეფექტის განულება შეძლეს.  გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში, პირიქით, შეტევაზე გადავიდნენ. ეს არ იყო კონტრშეტევა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების განხორციელება  შეძლეს, მტერს საკმაოდ სერიოზული ზარალი მიაყენეს,  უკან დაახევინეს. დედაქალაქ კიევიდან მთავარი სამხედრო საფრთხე მოხსნეს, ხარკოვის დებლოკირება მოახდინეს, ხერსონთან მიმართებით პოზიციები დაიბრუნეს. დღეს დონეცკის,  ლუგანსკის, ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზებთან მიმართებით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ფაქტობრივად, პოზიციები გათანაბრებულია. დღეს პოზიციური ბრძოლები მიდის, თუმცა, ბოლო ინფორმაციით,  რუსეთის  შეიარაღებული ძალების  სარდლობამ თავის სამხედრო პოტენციალის  გადანაწილება მოახდინა. ამ სამხედრო ოკუპაციის, ინტერვენციის მეთაურად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაინიშნა, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაცია აპირებს, ახალი სტრატეგიული შეტევა განახორციელოს,  რომლის მთავარი ამოცანა, ფაქტობრივად, დნეპრის მარცხენა სანაპიროების დაკავება იქნება,  ესაა ხარკოვი, ნიკოლაევი, ოდესა.  კრემლის გეგმებია იქ გამაგრება და მარიონეტული პრორუსული ხელისუფლების შექმნა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები  მანევრირებას ახორციელებენ,    არაა გამორიცხული, რომ  უკვე უკრაინელების მხრიდან  განხორციელებული შეტევების არაერთი კასკადი ვიხილოთ, სიტუაცია ამ ეტაპზე ასეთია.

სამწუხაროდ, ეს ომი მალე არ დასრულდება, შესაძლოა,  რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს.  მხარეებს თავიანთი გეოსტრატეგიული ამოცანები აქვთ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უკვე  სამხედრო -ოპერატიული,                   სამხედრო -სტრატეგიული გავლენა დომინანტობს. აქედან გამომდინარე,  სამხედრო ოპერაციების ქმედება და მათი ხარისხობრივი  შედეგები  უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას განსაზღვრავს.

რაც შეეხება  გეოპოლიტიკური  ანალიზის კონტექსტს: უკრაინას დასავლეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, ესენი არიან ნატო-ს,  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები,   უკრაინა 32 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას იღებს. საუბარია ახალი ტიპის საბრძოლო ტექნიკის გადაცემაზე უკრაინისათვის. ამ წელს, ალბათ, დასავლური წარმოების, საბრძოლო ავიაციის კომპონენტების გადაცემა   გადაწყდება“, – განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი ფედერალური სათათბიროსადმი  რუსეთის პრეზიდენტის მიმართვას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება  ფედერალური სათათბიროსადმი პუტინის მიმართვას.  ეს იყო ანტიდასავლური,  რუსეთის  ეროვნული  უსაფრთხოების სტრატეგიის  წარმოჩენა. როგორც ჩანს, პუტინის მოხსენების  ფარგლებში  იქნება აგებული ეროვნული უსაფრთხოების  ახალი  სტრატეგია და სამხედრო დოქტრინა, რომელსაც,  როგორც ჩანს,  პუტინი გაზაფხულზე მიიღებს. პუტინის გამოსვლა იყო ძალიან ეფემერული,  ეტყობოდა, რომ ძალიან ნერვიულობდა, მისი მთავარი თეზისები იყო შემდეგი: რომ რუსეთი ეომება არა უკრაინას, არამედ დასავლეთს, რომ ნატო არის რუსეთის მთავარი მოწინააღმდეგე და მტერი.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პუტინმა,  ფაქტობრივად,  სტრატეგიული შეიარაღების რბოლის დაწყების შესახებ  გამოაცხადა. მან, ფაქტობრივად,  გამოაცხადა, რომ ის „სტრატეგიული შეიარაღება 3-ის“  ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობას აჩერებს, რომელსაც ხელი 2010 წელს, მაშინდელი პრეზიდენტების ობამასა და მედვედევის მიერ მოეწერა.  ხელშეკრულება მსოფლიო უსაფრთხოების დონეზე სტრატეგიული სტაბილურობის პირობების მიღწევას ითვალისწინებს. ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა მსოფლიო მშვიდობას ძირს უთხრის. ამას  კიდევ 2 მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყვა, რომელიც ჩვენთან განხილული არ იყო. პირველი:  პუტინმა 1 კვირის წინ გასცა ბრძანება, მოეხდინა ახალი სტრატეგიული შემტევი  შეიარაღების ელემენტების დაყენება, ანუ მორიგეობაზე გავიდა ახალი სტრატეგიული ბალისტიკური კომპლექსები. მათ  16-დან 20-მდე  ქობინის ერთდროულად გადატანა შეუძლიათ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რუსეთმა პირველად გამოაცხადა, რომ ის გამოდის ბირთვული იარაღის გამოცდის შეთანხმებიდან,  ბოლო ბირთვული აფეთქება საბჭოთა კავშირმა  1990 წელს  განახორციელა.   პუტინმა დაავალა თავდაცვის სამინისტროს,  რომ ბირთვული აფეთქებების გამოცდის ხელახალი ეტაპი მოამზადოს. ეს პირდაპირი გამოწვევაა. ამ ინიციატივებმა შესაძლოა, მსოფლიო ბირთვულ კატასტროფამდე მიიყვანოს. ეს  უკრაინის ომის ერთწლიანი მოვლენების ფონზე  დასავლეთის მიმართ პუტინის მუქარაა“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით,   რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მორიგ, ანომალიური ტიპის გეოპოლიტიკურ იდეას ავითარებს.

„როგორც ჩანს,  პუტინი აპირებს, რომ ახალი ტიპის საბჭოთა  კავშირის  შექმნის ინიციატივა  წამოაყენოს.  ამიტომაც იყო, რომ  ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ე.წ. ლიდერები  მოსკოვში იმყოფებოდნენ. შემდგომში  კი ბჟანია   ბელარუსში ჩავიდა, ხოლო ბელარუსიდან ჩადის ირანში, ასევე, ბელარუსის ლიდერი ჩადიოდა მოსკოვში, როგორც ჩანს, ახალი ტიპის რაღაც ევრაზიული საბჭოთა კავშირის შექმნის იდეა მუშავდება, სადაც, სავარაუდოდ,  შევლენ ბელარუსი, რუსეთი, ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. შეიძლება,  ამ გაერთიანებაში ირანიც კი შევიდეს. როგორც ჩანს,  პუტინი მორიგ, ანომალიური ტიპის, გეოპოლიტიკური იდეას ავითარებს.  როგორც ჩანს, ის ბუნკერში საკმაოდ გამოვიდა მწყობრიდან და ეს ეტყობა კიდევაც.    როგორც ჩანს,  რუსეთმა  „საბჭოთა კავშირი 2 – ის“ პროექტი  დაივიწყა და „საბჭოთა კავშირი 3-ის“ პროექტის განხორციელებაზე გადავიდა,  რადგანაც, „საბჭოთა კავშირი 2“  ევრაზიული სახელმწიფოების საფუძველზე ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას მოიცავდა,   ეს პროექტი ჩაეშალა და,  როგორც ჩანს, პუტინი „საბჭოთა კავშირი 3-ის“ პროექტზე გადავიდა.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ შემიძლია,  ვთქვა, რომ ეს   სააგენტო „კვირას“ ექსკლუზივია. მინდა, ეს გავაჟღერო.  ეს პროექტი მზადებაშია. ვნახოთ, როგორ განვითარდება   მოვლენები“, – განაცხადა მაისაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები