„რა არის საპატიო კონსული? – არავის უნახავს მათი ნაკონსულარი საქმე“

„რა არის საპატიო კონსული?“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძე საპატიო კონსულებისთვის ახალი რეგულაციის დაწესების საკითხს.
ექსპერტი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ახალი რეგულაციის საკითხს დადებითად აფასებს და მიაჩნია, რომ საქართველოში საპატიო კონსულები შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.
„ქართველი ბიზნესმენი ( ერთი-ორი უცხოელიცაა გამორეული), რომელმაც იჩალიჩა უცხო ქვეყნის (როგორც წესი, ეგზოტიკური) მთავრობაში რაღაც სტატუსი (ალბათ, არც თუ უანგაროდ), რომელიც უფლებას აძლევს ჰქონდეს პრივილეგიები საქართველოში: იაროს დიპლომატიური წითელი ნომრებით და არღვიოს მოძრაობის წესები ჯარიმის გადახდის გარეშე, მიიღოს ზოგიერთი სახის საგადასახადო შეღავათი და სარგებლობდეს ხელშეუხებლობის იმუნიტეტით. ამის სანაცვლოდ რა? არაფერი. არავის უნახავს მათი ნაკონსულარი საქმე. ატეხეს ხმაური, გვიშველეთ, მთავრობა გვავიწროებს, წითელ ნომრებს უბრალოთი გვინაცვლებსო. არა და, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს, სწორედაც რომ საერთაშორისო წესების ფარგლებში მათი საქმიანობის მოქცევაა“, – წერს რომან გოცირიძე ფეიბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სატრასპორტო საშუალებებით გადაადგილებისას საპატიო კონსულები განსაკუთრებული პრივილეგებით ვეღარ ისარგებლებენ. როგორც მინისტრი განმარტავს, მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა და რეგულაციები ვენის კონვენციის მიხედვით დადგინდა.
„დარეგულირება გადავწყვიტეთ დიპლომატიური რეგულაციების მიხედვით. ეს აქამდე, საქართველოში არ არსებობდა და ქმნიდა ძალიან ბევრ პრობლემას. ავტო-საგზაო შემთხვებისას დიპლომატიური ნიშნებით მოძრავი ავტომანქანები საერთოდ არ რეგისტრირდებოდნენ, თუკი ისინი არღვევდნენ, მოძრაობის წესებს. არადა, ავტო-საგზაო მოძრაობაში წესების დაცვა აუცილებელია ყველასათვის, მინიმუმ იმისათვის თუნდაც, რომ არ მოხდეს ავტო-საგზაო შემთხვევები“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები