მოლდოვის მთავრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას არ ადასტურებს
მოლდოვის მთავრობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაცია მზადდება – არ ადასტურებს.
ამის შესახებ რესპუბლიკის მთავრობის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
„ჩვენ არ ვადასტურებთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს დილით გავრცელებულ ინფორმაციას. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებთ საზოგადოებას, თვალი ადევნოთ მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალურ და სანდო წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჩვენი ინსტიტუტები თანამშრომლობენ უცხოელ პარტნიორებთან და, ქვეყნისთვის რაიმე საფრთხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საზოგადოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “კიევის რეჟიმი დნესტრისპირეთში სამხედრო პროვოკაციას გეგმავს”. უწყების მტკიცებით, დაგეგმილია, რომ მოხდეს „რუსული ჯარების შეტევის“ინსცენირება და “ამისთვის დივერსანტები რუსულ სამხედრო ფორმაში იქნებიან ჩაცმული”.