პენტაგონი ჩინეთს რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევის შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს
ჩინეთისთვის შედეგები დადგება, თუ ის რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა.
„ჩვენ არ გვინახავს, რომ ჩინეთმა ლეტალური [სამხედრო] დახმარება გაუწია რუსეთს ომისთვის, თუმცა ასევე არ მოუხსნიათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით თანმიმდევრულნი. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ასევე შეხვდა თავის კოლეგას გერმანიაში გასულ კვირას. ჩვენ განვაცხადეთ, რომ შედეგები დადგება ჩინეთისთვის, თუ ეს პარტნიორობა რუსეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა პენტაგონის პრეს-მდივნის მოადგილემ.
მანვე დასძინა, რომ თუ ჩინეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს ლეტალურ სამხედრო დახმარებას გაუწევს, ეს „არასწორი გათვლა იქნება“.
ოფიციალურმა პირებმა CNN-ს განუცხადეს, რომ არის ნიშნები იმისა, რომ ჩინელ ოფიციალურ პირებს რუსეთისთვის ლეტალური სამხედრო დახმარების გაწევა სურთ.
თავის მხრივ, შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჩინეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი წითელი ხაზი იქნება.