„ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით „ელექტრონული კომერციის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა. შეხვედრაზე ექსპერტებთან, კერძო სექტორთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს „ელექტრონული კომერციის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი დებულებები.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვის საკითხები და განისაზღვრება შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) უფლება-მოვალეობები.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ელექტრონული კომერციის განსავითარებლად ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია. ძალიან დიდი მოლოდინიც და მოთხოვნაც იყო კერძო სექტორისგან მისი მიღების თაობაზე, შესაბამისად ჩვენ შევეცდებით დროში არ გაიწელოს და დროულად განვიხილოთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღოს კანონი”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა.

კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმებით აღებული ვალდებულებიდან, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია შუალედური მომწოდებლის უფლებებისა და მოვალეობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კანონპროექტის მიღება ქვეყანაში მეწარმეობისა და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომ განვითარებასთან და საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებასთან არის დაკავშირებული. დიალოგის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი, კერძო სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

შეხვედრა, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში” USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პარლამენტთან თანამშრომლობის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები