თურქეთში, ჰათაის პროვინციაში 20 თებერვალს მომხდარი, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვლის მიწისძვრის მომყოლი არ ყოფილა, ის წარმოადგენდა რღვევის ხაზზე დამოუკიდებელ ბიძგებს.
ამის შესახებ სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოლოგმა, ოქან ტუისუზმა განაცხადა.
მეცნიერმა აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი სიმძლავრის ახალი მიწისძვრები კვლავ არის მოსალოდნელი.
„ეს არ იყო კაჰრამანმარასში მომხდარი მიწისძვრის მომყოლი ბიძგები, არამედ დამოუკიდებელი მიწისძვრა იყო, რომელიც პროვოცირებულია ამ რეგიონში რღვევით. სავარაუდოდ, მომავალში რღვევის ხაზზე, რომელიც გადის უფრო სიღრმეში ხმელთაშუა ზღვაში, მსგავს ბიძგებს უნდა ველოდოთ. დიდი ბიძგების განმეორების შესაძლებლობა არსებობს“, – განაცხადა ტუისუზმა.
პროფესორმა აღნიშნა, რომ რისკის ზონაშია რღვევის ორივე მხარეს მდებარე პროვინციები, მათ შორის, ბინგელი, ადანა, ასევე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონები.
20 თებერვალს ჰათაის პროვინციაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაშავდა.