ევროკავშირისთვის წითელი ხაზი იქნება, თუ ჩინეთი რუსეთს იარაღს გაუგზავნის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია, რადგან ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევას პოტენციურად განიხილავს.
ბორელმა გასულ შაბათს, ჩინელ დიპლომატთან, ვანგ ი-სთან გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ფხიზლად იქნება“.
„მე გამოვხატე ჩვენი ძლიერი შეშფოთება ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის [შესაძლო] მიწოდებასთან დაკავშირებით. გამოვხატე არა მხოლოდ ჩვენი შეშფოთება, არამედ ისიც, რომ ჩვენთვის ეს იქნებოდა ჩვენს ურთიერთობაში წითელი ხაზი. მან [ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა] მითხრა, რომ არ აპირებენ ამის გაკეთებას, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ფხიზლად“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის სხვა ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, რომლებიც ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ, ასევე გააფრთხილეს პეკინი, რომ წითელი ხაზი არ გადაკვეთოს.
„თუკი [ჩინეთი] ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა თქმა უნდა, მას შედეგები მოჰყვება“, – აღნიშნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა.