დიმიტრი ხუნდაძე: ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიციირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი დაუსაბუთებელი კრიტიკის ობიექტი გახდა მათი მხრიდან, რომლებსაც კანონის მიმართ მანკიერი ინტერესები ამოძრავებთ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შედარება ამერიკულ, ან, მით უმეტეს, რუსულ კანონთან მიუღებელია, რადგან ქართული ვარიანტი ბევრად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან.
„ჩვენ კანონპროექტს სხვადასხვა კუთხით ადარებენ შესაბამის ამერიკულ და რუსულ კანონებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკული და რუსული კანონებისგან განსხვავებით, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სრულად თავსებადია სამართლებრივ სტანდარტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. მაგალითად, როგორც ამერიკული, ისე რუსული კანონი იყენებს ისეთ უხეშ ტერმინს შესაბამისი სუბიექტის განსასაზღვრად, როგორიცაა „უცხოელი აგენტი“. აღნიშნული ტერმინი ნამდვილად შეიცავს სტიგმატიზაციის საფრთხეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი კანონპროექტი ადგენს არა უხეშ, არამედ სათანადო ტერმინს და შესაბამის სუბიექტებს არა უცხოელ აგენტებად, არამედ უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. უცხოური გავლენის აგენტი არის სუბიექტი, რომელიც ამა თუ იმ მიზნით და ამა თუ იმ სფეროში საქართველოში უცხოური ძალის ინტერესებისა და შესაბამისად, გავლენის რეალიზებას ემსახურება.
მთლიანობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიციირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.