უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან კიევში მოლაპარაკებები გამართა და განაცხადა, რომ ამერიკელი ლიდერის ვიზიტის შედეგი ხელშესახები იქნება რუსი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე.
ამის შესახებ მან ბაიდენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.
„ეს კვირა უკვე არის ჩვენი უძლეველობის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წელი და ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სიმტკიცეს ბატონ პრეზიდენტთან ორი შეხვედრით: ჩემი და ჩვენი გუნდის ვიზიტით ვაშინგტონში დეკემბერში, ასევე, პრეზიდენტის და მისი გუნდის დღევანდელი ვიზიტით კიევში. ამ ვიზიტების შედეგები ნამდვილად იქნება ხელშესახები ბრძოლის ველზე, ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერებასა და ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაში“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ უკრაინას M1 Abrams-ის ტანკების მიწოდების შესახებ უკვე ჩაუყარა საფუძველი „სატანკო კოალიციის შექმნას“.
“საჰაერო თავდაცვის საკითხში ისტორიულად მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრესი და ეს არის “პატრიოტები” ჩვენი ქალაქების დასაცავად. ეს ნამდვილად ფუნდამენტური გაძლიერებაა”, – თქვა ზელენსკიმ.
ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ჩავიდა.