ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას მახლობლად, პოლიციამ სატვირთო ავტომობილში 18 ადამიანის ცხედარი იპოვა.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან.
ბულგარეთის პოლიციის ინფორმაციით, სატვირთოში სულ 40-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შეშის ქვეშ იმალებოდნენ. სატვირთოს მძღოლმა გაქცევა მოახერხა.
მედიის ცნობით, 14 ადამიანი ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის, ასენ მეჯიდიევის განცხადებით, გადარჩენილთა უმეტესობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
„ისინი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდნენ, ტანსაცმელი სველი აქვთ, ყინვაში იმყოფებოდნენ და აშკარაა, რომ დღეების განმავლობაში არ უჭამიათ“, – აღნიშნა მეჯიდიევმა.
ბულგარეთის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.