სლოვაკეთის ყოფილი პრემიერი არჩევნებში აქტივობის გასაზრდელად მოქალაქეებისთვის 500 ევროს დარიგებას ითხოვს

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია OĽaNO-ს ლიდერი – იგორ მატოვიჩი, რომელსაც არ სურს ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლა, გამოვიდა ინიციატივით, რომ, ამომრჩეველთა აქტივობის გასაზრდელად, ხალხს 500-500 ევრო უნდა დაურიგდეს.

ამის შესახებ Euractiv წერს.

მისივე თქმით, ამ წინადადების მთავარი მიზეზი გამოწვეულია შიშით, რომ სექტემბრის ვადამდელ არჩევნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა იქნება.

„ჩვენ ვშიშობთ, რომ მომავალ არჩევნებზე ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იქნება. ჩვენ ნამდვილად გვეშინია, რომ სლოვაკეთმა შესაძლოა, განიცადოს ის, რაც გერმანიამ 1930-იან წლებში ეკონომიკური კრიზისის შემდეგ“, – განმარტა მან და დასძინა, რომ თითოეულ ამომრჩეველზე 500 ევრო შეიძლება იყოს დემოკრატიის გადარჩენის საშუალება.

მატოვიჩი შიშობს, რომ თუ ოპოზიციური პარტიები, კერძოდ, Hlas-SD და Smer-SD მოვიდნენ ხელისუფლებაში, ისინი სლოვაკეთს ვიქტორ ორბანის მსგავს რეჟიმად გადააქცევენ.

სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს გაიმართება.

მატოვიჩის ინიციატივას, დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო დასჭირდება, კითხვაზე, თუ სად იპოვის ამხელა თანხას, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ეს არის იმ ფულის ნაწილი, რაც შეიძლება მიითვისონ იმ პარტიებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.

“ფიცოს და პელეგრინს ამ თანხის მოპარვა ექვს თვეში შეუძლიათ. ეს არის ინვესტიცია სლოვაკეთში”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები