ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ აჩვენებს იმას, რომ მშვიდობა სურს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა ბრიუსელში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„[უკრაინაში] სასტიკი შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ აჩვენებს, რომ ის მშვიდობისთვის ემზადება. პირიქით, ის იწყებს ახალ შეტევებს და და მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურაა.
პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს და საამისოდ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალის სწრაფად მიწოდება, რომელიც მას სჭირდება ტერიტორიის დასაბრუნებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, „თაობაში უდიდეს უსაფრთხოების კრიზისის“ ფონზე, ნატო შემდგომ ნაბიჯებს დგამს თავდაცვის გასაძლიერებლად.
„ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას და მზადყოფნას შავი ზღვიდან ბალტიის ზღვამდე, მათ შორის პოლონეთში“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.