დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომში რუსეთის თითქმის მთელი არმიაა ჩართული.
ამის შესახებ მან BBC Radio 4-ის ეთერში განაცხადა.
მოსკოვის შეტევითი სტრატეგიის კომენტირებისას უოლესმა თქვა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ერთიანი ძალების შეკრება უკრაინის თავდაცვითი ძალების „გარღვევისთვის“, მეტიც, „ჩვენ მხოლოდ წინსვლის მცდელობები დავინახეთ“.
“ეს რუსეთის არმიას ძვირად დაუჯდა. ჩვენი შეფასებით, რუსული არმიის 97% უკრაინაშია”, – განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.
მინისტრი ამბობს, რომ, უკრაინაში რუსეთის დამარცხებაში დახმარების გაწევით, დასავლეთი აძლიერებს საშინაო უსაფრთხოებას.
„თუ რუსული არმიის 97% ახლა უკრაინაშია, პერსონალის გადინების ძალიან, ძალიან მაღალი დონით, მათი საბრძოლო შესაძლებლობები, პოტენციურად 40%-ით იქნება შემცირებული, ტანკების თითქმის ორი მესამედი განადგურებულია ან შეკეთებას საჭიროებს. ამას ყველაფერს ევროპის უსაფრთხოებაზე პირდაპირი გავლენა აქვს“, – განაცხადა მან.