იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციას” მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის დამტკიცების შესახებ” პარლამენტის დადგენილების პროექტი განიხილა და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა კონცეფციის დამტკიცებას.

პარლამენტის ინფორმაციით, კონცეფციით განსაზღვრული მიმართულებებია:
1. ეკონომიკურ რესურსებზე თანაბარი წვდომა;
2. გენდერულად მგრძნობიარე სამართლებრივი ჩარჩოს გაძლიერება;
3. საჯარო სექტორის შესყიდვების და დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
4. კერძო სექტორში დასაქმების პრაქტიკის გაუმჯობესება;
5. აუნაზღაურებელი და ზრუნვის შრომის აღიარება, შემცირება და განაწილება;
6. ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ქალების ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზების წახალისება; 7. წინააღმდეგობრივ სოციალურ ნორმებთან ბრძოლა.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია არის პირველი ამგვარი სახის დოკუმენტი, სადაც გაერთიანებულია გრძელვადიანი ხედვითა და მულტიდარგობრივი მიმართულებებით, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, რა გამოწვევები შეიძლება არსებობდეს ჩვენს ქვეყნაში ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის და ასევე, ის შესაძლო ინტერვენციები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, თავის პოზიტიური ვალდებულების ფარგლებში, უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა.

როგორც მან აღნიშნა, კონცეფციას ხელს აწერენ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრები, რაც მულტიპარტიულ რეჟიმში ინიცირებულ კონცეფციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია დაკავშირებულია საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგით (2021-2027) განსაზღვრულ პრიორიტეტებთან და აგრეთვე, ეხმიანება ევროკავშირის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების მე-9 პუნქტის შესრულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები