უკრაინაში 8 მარტის, 1-ელი და 9 მაისის დღესასწაულებს, სავარაუდოდ, გააუქმებენ
უმაღლესმა რადამ შესაძლოა, 8 მარტის, 1-ელი და 9 მაისის დღესასწაულები გააუქმოს, უკრაინის პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, 8 მარტის ნაცვლად შეთავაზებულია, დაწესდეს ახალი სახალხო დღესასწაული – 25 თებერვალს (პოეტ ლესია უკრაინკას დაბადების დღე) – უკრაინელი ქალის დღედ.
ასევე, შეთავაზებულია, 9 მარტი, მწერლის – ტარას შევჩენკოს დაბადების დღე – დასვენების დღედ გამოცხადდეს.
რაც შეეხება 1-ელ და 9 მაისს, სავარაუდოდ 8 მაისის დღესასწაული იქნება – ხსოვნისა და შერიგების დღე.
„მეორე მსოფლიო ომის დასრულება 8 მაისს აღინიშნება. თუმცა, სხვა ქვეყნებში ეს არ არის დღესასწაული, არამედ გლოვის დღეა ათობით მილიონი დაღუპულის ხსოვნისადმი“, – ამბობენ დოკუმენტის შემქმნელები.
პროექტში ასევე ნათქვამია, რომ მაისის მეორე კვირა დღე – დედის დღის პატივსაცემად უქმედ გამოცხადდეს.