“ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა, არ დავივიწყებთ გაწვდილ დახმარების ხელს” – ერდოღანი

“თურქეთი არ დაივიწყებს რთულ მომენტში გაწეულ დახმარებას”, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ინიციატივით ორგანიზებული, მსოფლიო მთავრობების სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მასშტაბური კატასტროფის შედეგები თურქეთის 10 პროვინციის 13,5-მა მილიონმა ადამიანმა იგრძნო. ბიძგები 500 კმ-ის ტერიტორიაზე იგრძნობოდა. სამწუხაროდ, მოხდა მასიური ნგრევა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ამ ბიძგებმა 500 ატომური ბომბის აფეთქების ტოლფასი ენერგია გამოანთავისუფლა”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მისი თქმით, თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების წინაშე აღმოჩნდა არა მხოლოდ მის ისტორიაში, არამედ – კაცობრიობის ისტორიაშიც.

თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებმა ცხრა დღის განმავლობაში ნანგრევებიდან რვა ათასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

„სამწუხაროდ, ათასობით სახლის ნანგრევების გაწმენდით, მსხვერპლთა რიცხვიც იზრდება. მიწისძვრის შედეგად დაზარალებული, თურქეთის 81 000-ზე მეტი მოქალაქიდან ნაწილი საავადმყოფოდან გაწერეს”, – თქვა მან.

პოლიტიკოსმა იმედი გამოთქვა, რომ, ხალხის მხარდაჭერით, ქვეყანა მოკლე დროში შეძლებს ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას.

თურქეთის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ქვეყანას, რომელიც თურქეთს დაეხმარა.

„ზოგიერთმა სახელმწიფომ მაშველები გაგზავნა, ზოგიერთმა გამოავლინა სოლიდარობა დახმარების შეგროვების კამპანიით. ზოგიერთმა სახელმწიფომ ანკარას მხარდაჭერის განცხადებები გაავრცელა. ამ სტიქიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები