“როგორ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც ნანგრევებში ცხედრებია” – თურქეთში არჩევნების გადადებას ითხოვენ
თურქეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილმა სპიკერმა და ყოფილმა ვიცეპრემიერმა, ბულენთ არინჩმა განაცხადა, რომ მაისში დაგეგმილი საყოველთაო არჩევნები დაუყოვნებლივ უნდა გადაიდოს.
ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
პოლიტიკოსის თქმით, დამანგრეველი მიწისძვრების ფონზე, რესპუბლიკამ „წინასაარჩევნო სტრესი“ უნდა მოიშოროს.
„არ შეიძლება, იყოს არჩევნები არც მაისში და არც ივნისში. არჩევნები სასწრაფოდ უნდა გადაიდოს“, – განაცხადა არინჩმა.
მან აღნიშნა, რომ ამჟამად „მოქალაქეები იბრძვიან სიცოცხლისთვის და არა – არჩევნებისთვის“, მაშინ როდესაც რიგი პოლიტიკოსი და ჟურნალისტები კამათობენ იმაზე, არჩევნები მაისში გაიმართება თუ ივნისში.
„ალაჰის გეშინოდეთ, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არის ცხედრები. როგორ შეიძლება არჩევნებზე ლაპარაკი, როდესაც ამომრჩევლები არ არის ნახსენები?“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სამი წინადადება. პირველი ვარიანტი ითვალისწინებს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გაერთიანებას, ასევე, ადგილობრივი ადმინისტრაციის არჩევნებს – 2024 წელს.
მეორე – საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების 2023 წლის ნოემბერში ჩატარება.
მესამე წინადადება ითვალისწინებს ყველა პოლიტიკური პარტიის შეთანხმებას სხვა თარიღზე.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მიწისძვრის მიუხედავად არჩევნების ჩატარებას 14 მაისს აპირებს.