თურქეთში ოპოზიცია უცხოელებზე უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვას ითხოვს

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა განსახლების პროცესმა ქვეყანაში ქირისა და საცხოვრებლის ფასების რეკორდულად მზარდი პრობლემა გამოავლინა, ოპოზიცია კი უცხოელებზე უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვას ითხოვს.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი – T24 წერს.

ჯერ კიდევ იანვარში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასები თითქმის 10%-ით გაიზარდა, რაც იყო გამოწვეული ლირის გაუფასურებით და შეღავათიანი იპოთეკის პროგრამით. ამ ფაქტორებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შესყიდვის დაინტერესება გამოიწვია.

როგორც კომპანია Point Property Turk Estate-ის გაყიდვების მენეჯერმა, ელეონორა ილმაზმა თქვა, ანტალიაში 60 კვადრატული მეტრი ფართობის “1 + 1” ბინის საშუალო ღირებულება -140 ათასი ევროა, სტამბოლში მსგავსი საცხოვრებელი, დაახლოებით – 200 ათასი ევრო ღირს.

İyi parti (“კარგი პარტიის”) თავმჯდომარემ, მერალ აკშენერმა, რომელიც შაბათ-კვირას ჰათაიში იმყოფებოდა, ამ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და მოითხოვა უცხოელებისთვის “მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვა“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ცნობილი გახდა, რომ გასულ წელს უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა, წინა წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა“.

ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს უცხოელებზე სულ 75 185 უძრავი ქონება გაიყიდა. ამ ქონებიდან 70 874 იყო საცხოვრებელი და სამუშაო ფართი, ხოლო 4 311 – ძირითადი უძრავი ქონება, რომელიც მოიცავდა მიწას, ვენახებს და ხეხილის ბაღებს.

აღნიშნულია, რომ გასულ წლის განმავლობაში თურქეთში უძრავი ქონება 159 ქვეყნის წარმომადგენელმა შეიძინა.

ტოპ ათეულში შედის რუსეთი – 17 143 ობიექტი, ირანი – 9 023, ერაყი – 6 409, გერმანია – 3 211, უკრაინა 2 593, ყაზახეთი – 2 557, ავღანეთი – 2 271, ქუვეითი -1 889, აშშ – 1 609, აზერბაიჯანი – 1 515.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები