ვალერი ზალუჟნი: გამარჯვება არა მხოლოდ ტერიტორიების განთავისუფლებას, არამედ უკრაინის არმიის გაძლიერებას უნდა ნიშნავდეს, რათა რუსეთმა მას აღარასოდეს შეუტიოს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ ტერიტორიების განთავისუფლებას, არამედ უკრაინის არმიის გაძლიერებას უნდა ნიშნავდეს, რათა რუსეთმა მას აღარასოდეს შეუტიოს.
აღნიშნული პოზიცია ზალუჟნიმ ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან და ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა.
„უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მხოლოდ მისი ტერიტორიების გათავისუფლებას, არამედ ისეთი პირობებისა და ისეთი შეიარაღებული ძალების შექმნას, რომელიც რუსებს არ მისცემს შესაძლებლობას, ჩვენს სახელმწიფოს მომავალში თავს დაესხან“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ზალუჟნიმ და კავოლმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის საერთაშორისო სამხედრო დახმარების მიწოდებისა და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული შენაერთების მომზადების საკითხი განიხილეს.
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ამერიკელ კოლეგას რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე ოპერატიული ვითარების და შემდგომი ქმედებების გეგმების შესახებ საკუთარი შეფასება გაუზიარა.