ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი – უკრაინაში მშვიდობისკენ წასვლის ნაცვლად, ახალი, შეტევითი მოქმედებების განხორციელებას იწყებს.
ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე თქვა.
„შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პუტინი მშვიდობისთვის არ ემზადება, არამედ იწყებს ახალ, შეტევით მოქმედებებს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი კიევის სამხედრო მხარდაჭერა ბრძოლის ველზე.
“სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეებს. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება სიგნალი მსოფლიოს ავტორიტარული სახელმწიფოებისთვის, მათი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის ძალის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ”, – განმარტა სტოლტენბერგმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო „უკრაინას დაუჭერს მხარს მანამ, სანამ საჭირო იქნება“.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ, მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის ხელახალი შეტევა „უკვე დაწყებულია“, რაც ჩანს იმ დამატებითი ძალების რაოდენობით, რომელსაც რუსული მხარე აღმოსავლეთ უკრაინაში აგზავნის.