პრემიერი ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო ტურის – “მოგზაურობა ათი ათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე” მონაწილეებს შეხვდა. აღნიშნულ პროექტში საქართველოს ჩასმის ინიციატივა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. როგორც მტავრობის ადმინისტრაციაშ აცხადებენ, პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩინეთის წამყვანი მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი მიიღო, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუ ჩაწერეს. მათივე ინფორმაციით, საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი ყველა ქვეყანაში მოამზადებენ საინფორმაციო მასალას, რომელიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საავტომობილო ტურმა სტარტი 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში აიღო. ექსპედიციის მონაწილეების “აბრეშუმის გზის” მარშრუტი ასეთია – ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი, იტალია. დელეგაცია საქართველოში ყველაზე დიდხანს ჩერდება და 24 აგვისტოს თურქეთის მიმართულებით გაემგზავრება. ტურის მონაწილეები საქართველოში შემდეგ მარშრუტს გაივლიან – ლარსი-სტეფანწმინდა-თბილისი-მცხეთა-უფლისციხე-ქუთაისი-ბათუმი-სარფი.