გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს და სამი ამხილეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით: 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. ამხილეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.
“ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და 3 პირი ამხილეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.