ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ამერიკის პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებს ირანის შიდა საქმეების შესახებ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც წარმოადგენს ირანელი ხალხის მიმართ ამერიკის უკანონო და ძალმომრეობაზე დაფუძნებული მიდგომის გაგრძელებას, არა მხოლოდ სახელმწიფოთა ეროვნული სუვერენიტეტის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, არამედ ითვლება ირანის მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობის და ტერორიზმის წახალისების ტოლფასად.

ირანის საქმეებში აშშ-ის სხვადასხვა მთავრობის მიერ დანაშაულებრივი ჩარევის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელ მაღალჩინოსანთა განცხადებებს, რომლითაც ისინი ვითომდაც თანაუგრძობენ დიდ ირანელ ხალხს, თვალთმაქცობად, საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანად და ირანელთა წინააღმდეგ ჩადენილი საკუთარი მრავალრიცხოვანი დანაშაულებების მიჩქმალვის მცდელობად მიიჩნევს. ამერიკის ქმედებები, მათ შორის 1953 წლის 19 აგვისტოს სამარცხვინო გადატრიალების დაგეგმვასა და მოწყობაში თანამონაწილეობა, სადამის რეჟიმთან თანამშრომლობა მის მიერ ირანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული რვაწლიანი ომის დროს, 1988 წელს ირანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდება სპარსეთის ყურის თავზე და 300 უდანაშაულო პირის მკვლელობა, ისრაელის რეჟიმთან თანამშრომლობა და თანამონაწილეობა 2025 წლის ივნისში, ბირთვული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ირანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმისას, ირანელების ტერორი და მკვლელობები, ასევე ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაწესებული სასტიკი სანქციები, რომელიც ირანელების ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და მიზანში იღებს მათ საარსებო წყაროს, ნათელი მაგალითებია იმისა, რომ ამერიკა მტრულად არის განწყობილი ირანელი ხალხის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური მდივნის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომელიც აკისრიათ ქარტიის შესაბამისად, რათა დაიცვან საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, ამერიკის აგრესიული უნილატერალიზმის წინაშე და ხაზს უსვამს, რომ ირანელები არ დაუშვებენ რაიმე სახის ბოროტ ჩარევას საკუთარ, შიდა ურთიერთდიალოგში, რომელიც მიმართულია პრობლემების გადასაჭრელად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ ირანის წინააღმდეგ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს აფასებს, როგორც სიონისტური რეჟიმის პოლიტიკის ტოლფასს, რომელიც რეგიონში დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას ისახავს მიზნად და ხაზს უსვამს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პასუხი ნებისმიერ აგრესიაზე იქნება სწრაფი, მტკიცე და ყოვლისმომცველი. ცხადია, ასეთი სიტუაციის შედეგებზე პასუხისმგებლობა, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი კრიზისი და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს მთელ რეგიონში, მთლიანად ამერიკის რეჟიმს ეკისრება,” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები