სოზარ სუბარი ფოთში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფოთში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად ყველა დევნილი დაკმაყოფილდება.
„ფოთში 280 ოჯახს გადავეცით ბინა და 3 000 – მდე დარჩა დაუკმაყოფილებელი. ყველამ კარგად იცის, რომ 280 ბინა ვერ ეყოფოდა 3 000 ოჯახს. ამ ადამიანებმა ორი თვის წინ იცოდნენ, რომ მათ არ შეხვდათ ბინა. ოცი ბინა იყო დარჩენილი გასანაწილებელი, რომელიც დღეს განაწილდა და ვინც ეხლა პროტესტს გამოთქვამს, მათგან ნაწილს შეხვდა ბინები. შეხვდა იმიტომ კი არა, რომ აპროტესტებდნენ, არამედ იმიტომ, რომ ქულებში ჯდებოდნენ და ამ ქულებს ვერ გადაახტება ვერანაირი პროტესტით. სხვას ვერ დავჩაგრავთ იმის გამო, რომ ვიღაცას შეუძლია უფრო დიდ ხანს იყვიროს და აპროტესტოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა დაკმაყოფილდება, დაიცადონ და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ განაწილება იქნება ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში ვიზიტისას.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა დავით დარახველიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.
„დათოს შეეძლო ჩემთვის დაერეკა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა გვქონდა და ცოტა გამიკვირდა. რაც შეეხება შეხვედრებს, დღეს ჩემთან ერთად არის ჩემი მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, რომელიც ფოთშიც იყო. ასევე ფოთში იყო ჩემი პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, მოადგილე შოთა რეხვიაშვილიც იქ იყო და ძალიან ბევრ დევნილს შეხვდნენ. ზოგიერთი დაწყნარდა, ზოგისთვის კი არ იყო საკმარისი. რაც შეეხება ბინების განაწილებას, მისი მინისტრობის დროს მოხდა ეს და იმედი მაქვს რომ სწორად განაწილდებოდა და მიკერძოებას არ ექნებოდა ადგილი“, – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა ქუთაისში ვიზიტისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები