ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს
ქალაქ ბაქოში გამართულ კონფერენციაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის, მათ შორის, საქართველოს გამოცდილების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონფერენციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები – ზურაბ ლიპარტია და გიორგი იაკობაშვილი, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი – ნიკა მესხი ესწრებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკასა და მეთოდებზე, გაუზიარეს ის გამოცდილება, რომლის მეშვეობითაც საქართველომ უმოკლეს პერიოდში შეძლო კონტროლის ქვეშ მოექცია მავნებლის პოპულაცია და მინიმუმადე შეემცირებინა აგრარული სექტორისთვის მიყენებული ზარალი.
„საქართველოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აქტიურად ითანამშრომლებენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან, რათა სასაზღვრო ტერიტორიებზე ღონისძიებები შეთანხმებულად ჩატარდეს,“- აღნიშნა ზურაბ ლიპარტიამ.
ბაქოში კონფერენცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/CNFA) ორგანიზებით ჩატარდა. აზერბაიჯანში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, ენტომოლოგი გრეგ კრავჩუკი, რომელთანაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე 2016 წლიდან თანამშრომლობს.